საზოგადოება

ჰუმანიტარული

სოციალური

ხელოვნება

დისკურსი

 

 

ბადრი ქუთელია

ვის უშლის ხელს აფხაზეთის ქართული მოსახლეობა როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის შემადგენლობის შეცვლას აფხაზეთში

(1886-1989)

1886 წლიდან 1989 წლამე 100 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის თავდაპირველი წილები მცირდებოდა.

სტატიაში გამოყენებული თავდაპირველი მონაცემების წყაროს წარმოადგენს 1886 წლის სტატისტიკა. აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიამ მიერთა 1864 წელს, ჩვენს სტატიაში ასახულ 1886 წლის მდგომარეობამდე 22 წლით ადრე. უნდა ვივარაუდოთ რომ ქართველური კულტურის მატარებელი და პროქართული პოლიტიკური ორიენტაციის აფხაზეთის სამთავროს მოსახლეობა იცვლებოდა არა მხოლოდ 1886-დან, არამედ უფრო ადრე,1886 წლამდეც, რუსეთის მიერ მის მეზობლად ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული ომების განმავლობაშიც. მოსახლეობის შემადგენლობის ეს ცვლილება გამოიხატებოდა ომების წარმოების დროს რეპრესირებული მოსახლეობის გადმოსვლაში ჩრდილოეთ კავკასიიდან კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე. სტატიაში ასახული ბოლო მონაცემები განეკუთვნება1989 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებულ უკანასკნელ აღწერას, რომელიც კავშირის დაშლამდე მცირე ხნით ადრე შედგა. განხილულია სამი მაჩვენებელი: 1) მოსახლეობის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილების თავდაპირველი შეფარდებითი მოცულობა, რომელიც ყველა ეროვნებისათვის 1886 წლისათვის პირობითად 100%-ის ტოლია, და მისი ცვლილება შემდგომ დროში; 2) მოსახლეობის სტრუქტურის ფარდობითი მაჩვენებლები (%) და მათი ზრდის ტემპები სხვადასხვა ეტაპისათვის; 3) მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის აბსოლუტური მაჩვენებლები (ათასი მოსახლე) და მათი ცვლილებები.

აფხაზეთის მოსახლეობის ქართველური ნაწილის თავდაპირველი მოცულობა (100%) 1886 წელს მთელი აფხაზეთის მოსახლეობის 92%-ს შეადგენდა. 1886 წელს დანარჩენები იყვნენ ბერძნები დ 3.1%, რუსები დ 1.7%, სომხები დ 1.6%, სხვები დ 1.9%.

ქართველური ნაწილი აფხაზურთან დ მეგრულ, აფსუასა და სვანურთან ერთად მოიცავდა იმერულ, რაჭულ, გურულ და სხვა ქართველურ ელემენტებსაც და მცირდებოდა სამ ეტაპად - რუსეთთან სამთავროს მიერთებიდან ოქტომბრის რევოლუციამდე (1864-1917), რევოლუციიდან დიდი ტერორის დასასრულამდე (1917-1938) და მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ხრუშჩოვისეული ”ოტტეპელის” დადგომამდე (1939-1956, სტატისტიკური მონაცემები განეკუთვნება 1959 წელს). საკუთრივ აფსუა მოსახლეობის თავდაპირველი შეფარდებითი მოცულობაც მცირდებოდა რუსეთის მიერ სამთავროს მიერთებიდან ვიდრე ხრუშჩოვისეულ "ოტტეპელამდე". სამი ეტაპი ერთმანეთისაგან გამოირჩეოდა არა იმდენად მკვიდრი მოსახლეობის შეფარდებითი მოცულობების კატასტროფული კლებით, რამდენადაც რეგიონისათვის არატრადიციული მოსახლეობის წილების მექანიკური ზრდის ფანტასტიკურად მაღალი ტემპებით. 1886-1917 წლებში მეფის რუსეთის პირობებში აფხაზეთის მთელი მკვიდრი მოსახლეობის მოცულობის ზრდის ტემპმა შეადგინა 70-80%, ხოლო მთელი არატრადიციულისა იზრდებოდა 300-600%-ით. ანუ ერთი თაობის განმავლობაში ადგილობრივ მკვიდრთა 100%-დან დარჩა 70-80%, ანუ მოცულობა 20-30%-ით შემცირდა, მაშინ როცა დროის იმავე მონაკვეთში არატრადიციული მოსახლეობის 100% სამ-ექვსჯერ გადიდდა, ანუ 300-600% გახდა. რევოლუციის შემდეგ 1917-1938 წწ. მეტი სისწრაფით გააგრძელა შემცირება მკვიდრი მოსახლეობების თავდაპირველმა წილებმა დ 1939 წლისთვის მათ შეადგინეს თავდაპირველი შეფარდებითი მოცულობის 45-55%; არამკვიდრი რუსების თავდაპირველმა წილმა კი იმატა 1135%-ით. 1959 წლისთვის ქართველური ელემენტის  შეფარდებითმა რაოდენობამ (აფსარული ნაწილის გამოკლებით) შეადგინა თავდაპირველი 1886 წლის წილის 77%, აფსუათა ნაწილის მაჩვენებელი კი ორჯერ უფრო დაბალი იყო დ 37% ¨

.სამაგიეროდ ამ ოცი წლის განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობის ფარდობითი მოცულობების ზრდის ტემპებს 20-30-ჯერ ჭარბობდა რუსების წილის მატება (1959 წლისთვის შეადგინა თავდაპირველი მოცულობის 1260%), ხოლო სომხებისა - 15-25-ჯერ ( თავდაპირველი მოცულობის 994%).

1959 წლის შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ქართველური და აფსუა ნაწილების ფარდობითი რაოდენობების შემცირებამ რამდენადმე იკლო და საბოლოოდ, 1989 წლისათვის, მათმა წილებმა შეადგინეს 1886 წლის თავდაპირველი შეფარდებითი მოცულობების 90 და 43 პროცენტი, შესაბამისად. ”ოტტეპელის” დადგომიდან რამდენადმე შემცირდა არამკვიდრი მოსახლეობის მატების ტემპიც, თუმცა იგი მაინც საშუალოდ 100-წლიანი პერიოდისათვის 900%-ის დონეზე დარჩა. ასე რომ, მითი სტალინისა და ბერიას პერიოდში მითი ქართველთა ფარდობითი რაოდენობის მატების შესახებ სინამდვილეს ნაკლებად შეესაბამებოდა. მათი მმართველობის პერიოდში ქართველობის წილების აღწარმოებაც კი არ ხდებოდა, არათუ ზრდა.

მაგრამ ზემოთ ნათქვამი მხოლოდ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შეფარდებით მოცულობებს და მათ ცვლილებას ეხება. ასეთი განსხვავება მოსახლეობის შემადგენლობის სხვადასხვა ნაწილების დინამიკაში (ტრადიციული ქართველური ნაწილისა აფსუა ეთნოსის გამოკლებით - 90%, აფსუა ნაწილისა - 43% და არატრადიციულისა - 900%) 100 წლის განმავლობაში არ აღმოჩნდა საკმარისი სტრუქტურის აბსოლუტური მაჩვენებლების რადიკალური შეცვლისათვის.

თუ ახალშემოსულთა წილობრივი მატების უაღრესად მაღალ ტემპებთან ერთად მატულობდა მათი აბსოლუტური რაოდენობაც, რაც საბჭოთა ინდუსტრიალიზაციისა და ევროპული მოდერნული ეპოქის დასასრულისათვის დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, ამის პარალელურად, მკვიდრი მოსახლეობის წილების კლების მიუხედავად იზრდებოდა აფხაზეთის ქართველებისა და აფსუების აბსოლუტური რაოდენობებიც. მართალია, 100 წლის მიზანმიმართული მექანიკური ცვლის შემდეგ ქართველების ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდა და აფხაზეთის მოსახლეობაში 45%-მდე დაეცა, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ქართველობა რჩებოდა მოსახლეობის შემადგენლობის ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილად.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ აფხაზეთის მოსახლეობაში ქართველების უმნიშვნელო რიცხვითი უპირატესობა არ აღმოჩნდა მისაღები საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული სურათის გადაკეთების მოძალადური პროექტის ავტორებისათვის. ამიტომ 1950-იანი წლების შუა ხანებიდან ადგილობრივ ბოლშევიკურ ეთნოკრატიას, რომელიც უმთავრესად დენაციონალიზებული ქართული, აფსუა და არაქართული ნაწილებით იყო დაკომპლექტებული, ახალი ამოცანა დააკისრეს, რაც გამოიხატა აფხაზეთის ქართველთა დადანაშაულებაში იმაში, რომ ქართველთა თავდაპირველმა მოცულობამ მხოლოდ 10%-ით დაიკლო (შეადგინა თავდაპირველი 100%-ის 90%), აფხაზეთის მოსახლეობის აფსუა (ადიღური?) მოდგმის მოცულობამ კი 55%-ით (შეადგინა თავდაპირველი 100%-ის 45%).

აფხაზეთის მოსახლეობის აფსუა და ქართველური ნაწილების ფარდობითი სიდიდეების ზრდის ტემპები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს. მათი წილების ცვლილება რუსეთის ბატონობის მთელი პერიოდის განმავლობაში მერყეობდა საშუალოდ 45-75% ფარგლებში, რის გამოც თავდაპირველ დონემდე ვერცერთი ვერ ავიდა. მათთან ახლოს იყო ბერძენთა ფარდობითი მოცულობის ცვილელებიც.  თუმცა ბერძენთა (აფხაზეთის მოსახლეობის, თუ ავტოქტონური არა, კიდევ ერთი ტრადიციული ნაწილის) წილის ცვალებადობა მეტი დინამიკით ხასიათდებოდა (90-350%), საბოლოოდ არც მათი წილი გაზრდილა მოსახლეობაში. შემცირდა 10%-ით, ისევე, როგორც ქართველებისა. ანუ, 100 წლის შემდეგ მათმა მოცულობამ თავდაპირველი წილის 90% შეადგინა.

მოსახლეობის შეცვლის ერთი ხერხია ავტოქტონური ნაწილის გახლეჩა. ასეთი გაყოფა აფხაზეთში შესაძლებელი გახდა მაჰაჯირობის შედეგად ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულ და აფხაზეთში ჩარჩენილ აფსუა-აფხაზთა მონათესავე ტომებზე დაყრდნობით. რუსეთის იმპერიის XIXსაუკუნის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას საკუთარი მიწიდან გამოქცეული ჩერქეზულ-ადიღური ტომების ნაშთები (ვინც თურქეთში ვერ მოახერხა მაჰაჯირად წასვლა) სამშობლოში განცდილი მარცხის შემდეგ თავისდაუნებურად რუსული ექსპანსიის რეალიზაციას უწყობდნენ ხელს კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე. (ნახე, ფონ ტორნაუ). აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის ნახევარი (40%) არაქართველურ აფხაზებად გამოცხადდა და ჩარჩენილ მაჰაჯირებთან ერთად მათ მიეცათ განსაკუთრებული უფლება აფხაზებად წოდებისა. თუმცა, აქამდე ერთიანი დასავლურ-ქართველური ყოფითი და სამმართველო კულტურის მატარებელი მოსახლეობა საკმაო ინდიფერენტულობას ინარჩუნებდა რეალობას დაშორებული ფორმალური ცვლილების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მათთვის ”აფხაზი”, ”ივერიელი” და ”ქართველი” ერთნაირი მნიშვნელობისა იყო (ნახე ბღაჟბას წერილი გიორგი შერვაშიძის შესახებ).ქართველური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი თვისება ყოველთვის იყო შიდა მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა სხვათა კულტურების მიმართ. სამწუხაროდ ზოგი კულტურა, რომლებთანაც უხდებოდა ურთიერთობა ქართველურ კულტურას, ბოლომდე ვერ იჩენდა საპასუხო ლოიალურობას.

არაავტოქტონური მოსახლეობის ზრდას XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჰქონდა თავისი მიზეზები. პირველი მიზეზი იყო რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს მიერთება. აფხაზეთის სამთავრო ქართულ სამეფოებსა და სამთავროებს შორის უკანასკნელი იყო, რომლის მთავარმაც შესაბამისი თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს. ტერიტორიის ასათვისებლად საჭირო იყო იმპერიის დომინანტი ეროვნების დასახლება ახლად მიერთებულ მიწებზე. მაგრამ რუსი ეროვნების წარმომადგენლები სხვა შორეული ტერიტორიების ასათვისებლადაც საჭირონი იყვნენ, რის გამოც აფხაზეთში მათი რაოდენობის ზრდის ტემპი 1917 წლის რევოლუციამდე არ აღემატებოდა 270%. რუსების თავდაპირველი წილი იმდენად დაბალი იყო, რომ ზრდის ასეთმა ტემპმა საერთო სურათი არსებითად ვერ შეცვალა.

მოსახლეობის შეცვლის სხვა ხერხი, თუკი არ არის საკმარისი დომინანტი ეროვნების რაოდენობა, არის შემოერთებულ ტერიტორიაზე სხვა ეთნოსის შემოყვანა. ასეთი ძირითადი სხვა ეთნოსი იყო კავკასიისათვის ტრადიციული სომხები, რომლებიც საკუთრივ აფხაზეთში აქამდე ისევე მცირედ იყვნენ წარმოდგენილი, როგორც რუსები (შესაბამისად 1100 და 1200 სული 1886 წელს, რაც მოსახლეობის 1,6% არ აღემატებოდა). სომხების აფხაზეთში გადმოსვლას ხელი შეუწყო რუსეთ-თურქეთის ომმაც, როდესაც ანატოლიის სომხობა თურქეთში თავიანთი სპეციფიკური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს ქვეყანა. ამ ორმა მიზეზმა განაპირობა ის, რომ სომხების თავდაპირველი წილის მატებამ მეფის რუსეთის პირობებში 1886-1917 წლებში შეადგინა 669%. იმ დროისათვია ეს მექანიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი იყო. მოსახლეობის შემადგენლობის ერთი ნაწილის მექანიკური ზრდის მიხედვით მეორე ადგილზე იყვნენ რუსები - 271%; მესამეზე ბერძნები - 226%. (შეადარე იმავე პერიოდში აფხაზი ქართველების 79%, აფსუა აფხაზების 67% და დანარჩენი ეთნოსების 515%-ს).

1917 წლის რევოლუციის შემდეგ თავდაპირველად მცირერიცხოვანი არაავტოქტონური მოსახლეობის წილების ისედაც მნიშვნელოვანმა ზრდამ კიდევ უფრო იმატა. ამჯერად რუსების ფარდობითი მოცულობის მატებამ რამდენიმეჯერ გადააჭარბა სომხების ფარდობითი მოცულობის ზრდას. თუ სომხების თავდაპირველი მოცულობის შეცვლის ტემპმა რევოლუციამდელი 669%-დან ბოლშევიზაციის პერიოდში 994%-ს მიაღწია, რუსების წილის ზრდის ტემპმა 271%-ის ნაცვლად 1135% შეადგინა. იმავე დროს აფხაზეთის ქართველების წილობრივი ზრდის მაჩვენებელი 58%-მდე დაეცა. აფსუა აფხაზებისა კი 43%-მდე.

შემდგომი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლშევიზაცია-სოვეტიზაციის პერიოდში შემუშავებული მოდელი აფხაზეთის მოსახლეობაში სხვადასხვა ეროვნებების წილების ცვლილებისა აღარ შეცვლილა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ფარდობითი რაოდენობის ზრდის ტემპის უმნიშვნელო მატების მიუხედავად აფხაზეთის მოსახლეობის ქართული, აფსუა და ბერძნული ნაწილების წილები მცირდებოდა. საბოლოოდ, თუ 1886 წელს ქართველები აფსუა-აფხაზების გარეშე მოსახლეობის სტრუქტურაში შეადგენდნენ 51%, 1989 წელს, ასი წლის შემდეგ მათ შეადგინეს 46%. აფსუების 41% იქცა 18%-ად. ბერძნების 3.1% გადაიქცა 2,8%-ად. მოსახლეობის მექანიკური შეცვლის მცდელობის შედეგად გაიზარდა აფხაზეთის მოსახლეობის არატრადიციული ნაწილების ფარდობითი რაოდენობები. იმავე ასწლიან პერიოდში წილების ზრდის ტემპების 1000%-იანი მაჩვენებლების ფონზე 1886 წლის რუსების 1,7% გაიზარდა 14%-მდე 1989 წლისთვის; სომხების 1886 წლის 1,6% შეიცვალა 1989 წლის 15%-ით.

შეიცვალა თუ არა ამდაგვარი ხელოვნური ზემოქმედების შედეგად მოსახლეობის შემადგენლობის სტრუქტურა? სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ არა იმდენად, რომ თვისობრივი გარდატეხა მომხდარიყო.

  • აფხაზეთის ქართველების წილი იყო 51%, გახდა 46%;

  • აფსუების წილი მოსახლეობაში იყო 41%, გახდა 18%;

  • ბერძნების წილი სტრუქტურაში იყო 3,1%, გახდა 2,8%;

  • სხვა ეროვნებების წილი შეადგენდა 1,9%, გახდა 4,8%;

  • რუსების ფარდობითი ნაწილი იყო 1,7%, გახდა 14,3%;

  • სომხების შეფარდებითი წილი იყო 1,6%, გახდა 14,6%.

როგორც ვხედავთ, ძირითადად აფსუა აფხაზებისა და ქართველების წილებისა და, ნაწილობრივ, ბერძნების წილების ხარჯზე იმატეს რუსულმა და სომხურმა წილებმა. მოხდა თუა არა კატასტროფა? რა თქმა უნდა, არა, თუ არ ჩავთვლით აფხაზურ-ქართული ელემენტის 1.4-ჯერ შემცირებას. რუსეთის მიერ აფხაზეთის მიერთებამდე აფხაზეთის მოსახლეობის 90%-ზე მეტი დასავლურ-ქართული და დასავლურ-კავკასიური ყოფითი კულტურისა და ქართული სახელმწიფოებრივი სამმართველო კულტურის მატარებელი იყო. ამასთან შერეული იყო ბერძნული, ჩრდილო კავკასიური და თურქულ-მუსულმანური კულტურის ელემენტები. მაგრამ ეს 9%-ს არ აღემატებოდა. ამ 9%-ს დაემატა ახალი რუსული და სომხური ელემენტები. ისტორიულად ქართველური ნაწილიდან 40%-ის ცალკე აფსუა-აფხაზებად გამოყოფასაც ჰქონდა თავისი შედეგი. მათი ნაწილი ზოგი ჩრდილო-კავკასიურ ელემენტს მიუერთდა, ზოგი რუსულს, ზოგი ქართულს დაუბრუნდა, ზოგმა კი არაქართული ეთნოსი - აფსუა (აბხაზეც) შეადგინა (ჩრდილო კავკასიის ზოგ ენაზე "აფხაზი" "ქართველს" ნიშნავს. ქართულშიც ”აფხაზი” ”ქართველის”ერთ-ერთი სინონიმი იყო ბოლო დრომდე, ისევე, როგორც ”კოლხი” ან ”იბერი”). სხვა კულტურებთან მეზობლობას შეჩვეული ქართველობა შექმნილ სიტუაციას არ აღიქვამდა როგორც რაღაც საფრთხეს. პირიქით, ისინი საკმაოდ ადვილად ადაპტირდებოდნენ და ასიმილირდებოდნენ აფსუებად, რუსებად. თუმცა, ქართული გვარის მატარებელი გარუსებული ქართველი აფხაზი, რომელმაც ვერ შეითვისა ქართული კულტურის აფხაზური ვარიანტი ან აფსუა-აფხაზური კულტურა, ამჯობინებს თავისი თავი აფსუად ჩათვალოს და არა ქართველად ან რუსად. ამიტომ არის, რომ აფსუა აფხაზებში ხშირად გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული გვარები. ამიტომ არის, რომ ხშირად ერთმანეთის მოძულე აფსუა და ქართველ მტრებს, რომლებსაც ერთმანეთის ენა შეიძლება ესმოდეთ ან შეიძლება არა, ერთი და იგივე, მამა-პაპისაგან გადმოცემული გვარები აქვთ.

1886 წელს აფხაზეთის მოსახლეობა ფაქტობრივად მონოკულტურული იყო. აფსუა–აფხაზური და ქართველურ–აფხაზური ნაწილები 92%-ს შეადგენდნენ და ორთავე ერთი დასავლურ-ქართველური კულტურის ნაწილი იყო. ამის გამო ქართველების რაოდენობრივ ზრდას უკეთესი საწყისი მდგომარეობა ჰქონდა XX საუკუნის დასაწყისისათვის. მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზური ეთნოკრატიის შექმნით გაიყო ორად ქართული კულტურული ერთობა. მაგრამ აფხაზეთში ეთნიკური ხასიათის პრობლემების წარმოშობას ხელი შეუწყო არა ახალმა კულტურულმა მრავალგვარობამ, არამედ აფხაზური პრივილეგირებული ეთნოკრატიის შექმნამ.

ქართველურმა ნაწილმა მოახერხა საკმარისი აბსოლუტური და ფარდობითი სიმრავლის (46%) შენარჩუნება იმისათვის, რომ არა ფორს-მაჟორულ შემთხვევებში საკუთარი კულტურისა და სიცოცხლის გაქრობისა არ შინებოდა. მაგრამ თუ ქართველური ნაწილი ახალ სიტუაციას უარყოფითად არ აღიქვამდა, ამას ვერ ვიტყვით სხვების მიმართ. აფხაზეთის მოსახლეობის შემადგენლობის შეცვლის დაუსრულებლობა ამ შეცვლის მოსურნეთა და რეალიზატორთათვის განსაკუთრებით მიუღებელი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის წინა ეტაპზე.

თუმცა აქაც რამდენიმე აქტორი მოქმედებდა.

ერთი იყო აფხაზეთის ქართველობა. სავარაუდო დემოკრატიის პირობებში, როგორც ვთქვით, მათ უფლებებს არაფერი არ ემუქრებოდა. პირიქით, დემოკრატია იქნებოდა მათი უფლებების დამცველი. ხოლო, იმით, გაიზრდებოდა თუ შემცირდებოდა მათი წილი მოსახლეობაში, ქართველობა არასოდეს სპეციალურად თავს ადრე არ იწუხებდა და არც მომავალი დემოკრატიის პირობებში შეიწუხებდა. თუ კეთილი მეზობლები მოუმრავლდებოდა, ამას ისეთივე სიხარულით შეხვდებოდა, როგორც საკუთარ ბედნიერებას. სხვათა შორის, სწორედ ამგვარ ორმხრივ ურთიერთობაზე იყო აგებული დასავლურ-ქართველური (არა მხოლოდ მეგრული) და აფსუა-აფხაზური ურთიერთობები - აფსუების მონათესავე ჩერქეზულ-ადიღური კულტურა არა მხოლოდ აფსუებისათვის, არამედ ქართველურისათვისაც მონათესავეა.

კიდევ სხვა მონაწილენი იყვნენ სომხური და აფსუა აქტორები. ახალი აფსუა-ადიღებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზი ქართველობის, ძირითადად მეგრელების და სვანების, შედარებითი სიმრავლე (240 ათასი 1989 წლისათვის) იმ ქვეყანაში, რომლის სახელზეც მხოლოდ თავად ჰქონდათ უფლება მონიჭებული საბჭოთა კავშირის კომპარტიული იდეოლოგებისაგან. სომხურ მონაწილეს აფსუური ეთნოკრატიის მსგავსი ამბიციები არ აწუხებდა, მაგრამ როგორც ისტორიული გეოგრაფია და გეოგრაფიული ისტორია გვიჩვენებს, ამ კულტურის გარკვეული ნაირსახეობა თავის გვერდით ვერ გუობს სხვა კულტურებს და, თუკი ამის საშუალება მიეცა, თავის გარშემო კულტურულ უსაფრთხოებას იქმნის კულტურული ერთგვაროვნების შექმნით.

საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო ეტაპზე, და მას შემდეგ ათი წლის განმავლობაში, აფხაზეთის მოსახლეობის რადიკალურად შეცვლა ძალადობის უკიდურესად მძიმე ფორმების გამოყენებით სრულდებოდა აფსუა აფხაზების სახელითა და მათი საბჭოთა ეპოქის დროინდელი კომპარტიული ეთნო-ნომენკლატურის წინამძღოლობით. ძირითადი შემსრულებელი აფსუა ”სეპარატიზმთან” ერთად იყო ჩრდილო-კავკასიური ტერორიზმი, კაზაკური ექსტრემიზმი და პოსტ-საბჭოური სალდაფონური ნოსტალგია. ქართველებისაგან დაცლილ აფხაზეთით სხვებზე მეტად რუსული დრომოჭმული იმპერიული ინტერესის გამომხატველი ჩინოვნიკია დაინტერესებული. ეს ნათლად გამოჩნდა რუსეთის შოვინისტური ძალების მიერ აფხაზეთის და პანკისის მიმდებარე ტერიტორიის რუსეთთან მიერთების პროვოკაციულ მოთხოვნაში. ეს ჩინოვნიკი შეიძლება იყოს აპარატის ყოფილი მუშაკი (აპარატჩიკ), საბჭოური პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენელი ან მათი მემკვიდრე, სპეციალური სამსახურის აგენტი და წარმატებული ბიზნესმენიც კი (როგორც წესი, წარმატებულები პირველ რიგში იყვნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც "აპარატჩიკებიდან" "ანტრეპრენიორჩიკებად" იქცნენ).

თავისი როლი მასობრივი ცნობიერების იმპერიულმა პლასტებმაც ითამაშა, რაც ანტიკავკასიური განწყობის შექმნის სოციალური საყრდენია.

გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა აფხაზეთის აღქმა რუსულ ცნობიერებაში. რუსი ჟამთააღმწერელის პირველი რეაქცია საქართველოსთან შეხვედრისას ასეთი იყო: "ობეზ იგივეა რაც აბერიო"; ანუ აფხაზეთი იგივეა რაც იბერია-საქართველოო. მაგრამ მაშინ საქართველო, რომლის მეფის ტიტულატურაში პირველ ადგილზე აფხაზეთი მოიხსენიებოდა და მონღოლებამდელი რუსეთი მეზობელი ქვეყნებიც კი არ იყვნენ.

ხოლო ის, რაც აფხაზეთის სამთავროს მიერთების შემდეგ დაფიქსირდა თითქმის ასი წლის წინ აგრესიული მოქმედების პროგრამა იყო და არა ფაქტის კონსტატაცია დ მიერთებიდან 43 წლის შემდეგ ისტორიკოსი ი.ვორონოვი ამბობდა აბხაზია გრუზია არ არისო. ფაქტიურად ეს იყო გეგმა, რომლის შესრულებასაც ემსახურებოდა ჯერ აფხაზეთის მოსახლეობის გახლეჩა და რუსეთის იმპერიის ტიტულატური ნაციის მექანიკური მატება, შემდეგ დახვედრილი მოსახლეობის წილობრივი შემცირება და რაოდენობრივ უმცირესობად გადაქცევა. მაგრამ იმ დემოგრაფიულ-სტრუქტურული სიტუაციისათვის, რომელიც აფხაზეთში იყო რუსეთის მიერ აფხაზეთის მიერთების დროისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი ფარდობითი რაოდენობების შეცვლის 1000%-იანი ტემპები 100 წლის განმავლობაში. ამიტომ რუსიფიცირებული აფსუა ეთნოკრატიის ახალი მისია ცხადდება უცნობი პროფესიის ქართულ-აფხაზური გვარის მატარებელი "სეპარატისტის" პირით: აბხაზია ეს როსსიააო. ეს გაცხადებული პროგრამა-მაქსიმუმია და ფორმულირების რადიკალური ხასიათი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ერთგვარი სანქცია იყო შესაბამისი მოქმედებისათვის.

აფხაზეთი, საქართველოს ისტორიული და დღევანდელი ნაწილი, დემოკრატიის პირობებში ვერ იქცევა სხვა ქვეყნის ნაწილად. მაგრამ თუ ეთნოციდის ჩატარებას მოახერხებენ და წავა დატერორებული ”არასასურველი” ადგილობრივი მოსახლეობის ცოცხლად დარჩენილი ნაწილი, შეიძლება იმპერიული გეგმებიც გაიხსენო. აფხაზეთის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეს არის.

რუსეთში რეაქციონიზმის საფრთხე არსებობს. მაგრამ საიმედო ის არის, რომ რუსეთში რეაქციონიზმი არ არის ძირითადი ტენდენცია. მაშინ საქართველოშიც გაადვილდება დემოკრატიის განვითარება. ქართულ-რუსულ მეგობრობასაც ახალი ძალა შეემატება.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდი ნაწილების გაძევებითა და მოტყუებისა და ძალადობის სხვა გზებით მოსული არა მხოლოდ აფსუა "სეპარატისტების" ”ხელისუფლებაა.” ისე, დიდად სამარცხვინოა ხელისუფლებისათვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოღერებული ხმლის ტარი იყოს სხვის ხელში ჩადებული.



(აფხაზეთის მოსახლეობის აფსუათა ნაწილის მაჩვენებელი ორჯერ უფრო დაბალი იყო დ 37%)¨

ამის ერთი მიზეზი იყო ის, რომ 1917 წ. რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკური სახელმწიფოს ლიდერები ახალი აფხაზური ეთნოკრატიის შექმნას უწყობდნენ ხელს, რომლის საფუძველიც არაქართველური ეთნიკური ცნობიერების ჩამოყალიბება უნდა გამხდარიყო. არაქართველური ცნობიერების მიღებას შედარებით ადვილად დაეთანხმა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უფრო ახლოს იყო ჩრდილო-კავკასიურ ადიღე-ჩერქეზულ მოდგმასთას და უმეტესწილად მაჰმადიანურ ან წარმართულ სარწმუნოებას მისდევდა. ტრადიციული აფხაზების მეორე ნაწილმა კი, უმთავრესად ქრისტიანულმა, შეინარჩუნა აფხაზურ-ქართველური ცნობიერება.

© ბადრი ქუთელია
 

საქართველოს მოსახლეობა

საგუნდო სიმღერა
 
ÃÀÓÀßÚÉÓÉ ÓÀÈÅÉÓÔÏÌÏ ÓÀÆÏÂÀÃÏÄÁÀ ÐÒÄÓÀ ÉÍ×ÏÒÌÀÝÉÀ