მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ისტორიიდან

9 აპრილის ექო

მიწისძვრა

განათლება

კულტურა

პრეს–სამსახური

გამომცებლობა

ეკლესია

ინტერნეტი 

 

9 აპრილის ექო

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა გააერთიანეს მოსკოველი ქართველები, რასაც იმავ წელს მოჰყვა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს შექმნა. რომელიც დღეისათვის ყველაზე ძველი ქართული ორგანიზაციაა მოსკოვში. ვიხსნებთ რა იმ დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინ დიდი სამუშაო იქნა ჩატარებული რათა მოსკოველთა და მოსკოვში დროებით მყოფთათვის ცნობილი გამხდარიყო სიმართლე 9 აპრილის შესახებ. აქ მხოლოდ ერთს გავიხსენებთ: საქართველოს კულტურის ცენტრში ”მზიური” ჩვენს მიერ ორგანიზებულ იქნა 9 აპრილის მოვლენების შესახებ ვიდეო ფილმის რეგულარული დემონსტრირება, დღეში რამდენიმეჯერ. ასევე მონაწილეობას ვღებულობდით მოსკოვის საზოგადოებრიობასთან გამართულ მრავალ შეხვედრაში მეცნიერებათა აკადემიაში, კინოს სახლსა და სხვა ორგანიზაციებში.

 

მიწისძვრა

საქველმოქმედო საქმიანობას ჩვენს მოღვაწეობაში ყოველთვის პრიორიტეტული როლი ენიჭებოდა. როცა 1991 წელს საქართველოში მოხდა მიწისძვრა, შევაგროვეთ არც თუ ისე მცირე დახმარება და გადავეცით იმ ოჯახებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს სათვისტომოს ეგიდით 11 თვითმფრინავით გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. შემდგომში კიდევ რამდენიმე ჰუმანიტარული აქცია იქნა ჩატარებული აფხაზეთის ლტოლვილთა მხარდასაჭერად.

 

განათლება

არანაკლები ყურადღება ეთმობოდა ჩვენის მხრივ ქართული სკოლების გახსნას მოსკოვში. მათგან პირველი, რომელიც არბატზე მდებარეობს, ქართველთა სათვისტომოს უშუალო და მრავალმხრივი მხარდაჭერის შედეგად გაიხსნა. 1995 წელს ”ქართული ლიცეუმის” გახსნაშიც სათვისტომო აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა.

ფაქტობრივად გამუდმებით ქართულ სათვისტომოსთან ფუნქციონირებს ქართულის ენის შემსწავლელი კურსები, სადაც ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენელი დაეუფლა ქართულს.

 

კულტურა

საკმარისად ფართოა ქართული სათვისტომოს კულტურული მოღვაწეობაც. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლით, რომელიც უკვე ათზე მეტი წელია არსებობს და რომელმაც დიდი წარმატება მოიხვეჭა მსმენელთა შორის. გამოსვლა კი ამ ანსამბლს მოსკოვის, და არა მხოლოდ მოსკოვის, მრავალ სასცენო მოედანზე უხდებოდა.

ფართოდ არის წარმოდგენილი საბავშვო თეატრალური შემოქმედებაც. 1994 წლიდან მოქმედებს საბავშვო თეატრალური სტუდია, რომელიც ფაქტობრივად მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრად გადაიქცა.

ჩვენი სათვისტომოს წევრები აქტიურად მონაწილეობენ მოსკოვის საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში დ გამოდიან ტელევიზიით, რადიოში, მონაწილეობენ ”მრგვალ მაგიდებში”, კონფერეცნიებსა და ყრილობებში, რომელთა ორგანიზატორები არიან სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

სათვისტომოსთან გახსნილია ბიბლიოთეკა, რომელსაც დღეისათვის გააჩნია წიგნების საკმაოდ დიდი ფონდი და უნდა აღინიშნოს, რომ მისი მკითხველთა რიცხვი განუხრელად მატულობს. სამკითხველო დარბაზში, თუმც კი არარეგულარულად, შეიძლება გაეცნოთ ახალ ქართულ გაზეთებსაც.

სულ ახლახანს ჩამოყალიბდა ესთეტიკის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. მის ფარგლებში მუშაობას შეუდგა საბავშვო ”ზღაპრების თეატრი”, სადაც ძირითადად პატარები მონაწილეობენ. მოქმედებს თეატრი უფრო მოზარდი ბავშვებისთვისაც.

ვისაც სურს დაეუფლოს ლამაზ ქართულ ცეკვებს, ვიწვევთ სპეციალურ წრეში.

დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს ჯაზის მოყვარულთა კლუბიც.

ჩვენს არც თუ ისე დიდ კამერულ დარბაზში მუდმივად ეწყობა კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები, დილის საბავშვო წარმოდგენები, აქვე აღვნიშნავთ სათვისტომოსა და მისი წევრების ცხოვრების სხვადასხვა საზეიმო

 

პრეს-სამსახური, გამომცემლობა

ქართული სათვისტომოს სტრუქტურაში არის პრესის სამსახური. ჩვენ საკმაოდ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს პუბლიკაციებს საქართველოს შესახებ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რადიოსა და ტელევიზიაში. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ პასუხი გავცეთ ამ გადაცემებში დასმულ საკითხებს. როგორც წესი, ჩვენ ვცდილობდით საყურადღებო მასალები გაგვეერთიანებინა პრესის სამსახურის მიერ სპეციალურად მომზადებულ ბიულეტენებში.

სათვისტომოში გამოდიოდა გაზეთი ”ქართული სიტყვა” ქართულ და რუსულ ენებზე (ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი გამოცემა), ლიტერატურული ალმანახი ”ზოლოტოე რუნო”, გამოსაცემად მზადდებოდა პოეტური კრებულები და პროზაული თხზულებები.

 

ეკლესია

ყველაზე მნიშვნელოვანი სათვისტომოს საქმიანობაში მაინც წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობაა, რომელმაც შარშან თავისი არსებობის 250 წლისთავი აღნიშნა. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ჩვენი უებ საიტის სპეციალური ნაწილიდან გაიგებთ.

 

ინტერნეტ საიტი

სათვისტომოს საიტის გახსნა ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს. ხშირად ამა თუ იმ მოვლენებზე ჩვენი რეაქცია უცნობი რჩებოდა ფართო აუდიტორიისათვის და მხოლოდ უშუალო ადრესატისათვის თუ იყო ცნობილი. ახლა კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, ვინც სათვისტომოს საიტს ესტუმრება.